English / ქართული /








Journal number 3 ∘ Matsatso Tepnadze
Effectiveness and Efficiency Analysis of the Regional Development Program in Kakheti Region

The Regional Development Program 2012-2017 was implemented through the mutual financial support of the World Bank and the Government of Georgia which was aimed to unlock and support the faster growth of the Kakheti region tourism economy.  The implementation of the project was expected to yield three main outcomes contained in the PDO statement. They are as follows: 1. urban regeneration and tourism circuit development of the Kakheti region 2. Infrastructure improvements to attract private investments; 3. Institutional Capacity development.  An ex-post analysis of the program made by the World Bank shows that all three PDO level indicators related to this objective have been exceeded. The article provides detail analysis of efficiency and effectiveness indicators of the program, identified the infrastructure bottlenecks and provides conclusions and policy recommendations.

Keywords: Regional Development; Financial and Economic Rates of Return, Cost-Benefit Analysis, Effectiveness and Efficiency Indicators.

JEL Codes: R30, R31, O38, M14, M16, M20, M21

კახეთის რეგიონში   მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი ეფექტიანობის ანალიზი

კახეთის რეგიონის განვითარების პროგრამა, რომელიც 2012-2017 წლებში საქართველოს მთავრობის კოორდინაციით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდამიზნად ისახავდა კახეთის რეგიონში ურბანული ინფრასტრქუტურის აღდგენა-რეაბილიტაციას, ტურიზმის სექტორის განვითარებას, ადგილობრივი ბიზნესის ინფრასტრქუტურულ მხარდაჭერას და  ადგილობრივთა დასაქმების ხელშეწყობას. პროგრამის დასრულების შემდეგ ეტაპზე განხორციელდა რეგიონული განვითარების პროგრამის ეფექტიანობის შეფასება და ჩატარდა პროექტის ფინანსური და ეკონომიკური ანალიზი. სტატიაში განხილულია ეფექტიანობის ინდიკატორები, ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და შემოთავაზებულია შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები: რეგიონული განვითარება; ფინანსური უკუგების ინდიკატორები;  ხარჯ-სარგებლიანობა; ინფრასტრუქტურული პროექტები; ეფექტიანობის ანალიზი.

 2012 წლის შემდეგ გეგმაზომიერი რეფორმების განხორციელებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტს ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. ის უმთავრესი პრინციპები, რომელსაც სამთავრობო პროგრამა ეფუძნება, მოიაზრებს საქართველოს ყველა რეგიონს თავის ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საჭიროებებით; რეგიონებში განსაკუთრებით აქტუალურია: უთანასწორობის აღმოფხვრა, ადგილობრივ დონეზე ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, რესურსების დაბალანსებული გადანაწილება და რეგიონების როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში [1, გვ.15]. ამ მიზნის მისაღწევად აქცენტი კეთდება არა მცირემასშტაბიან, ფრაგმენტული ხასიათის რეგიონული განვითარების პროექტებზე, არამედ ისეთ ინტეგრირებულ საინვესტიციო პროგრამებზე, რომელიც ტერიტორიულ საჭიროებებზე მორგებული დაგეგმვის გზით, გააფართოვებს რეგიონების ეკონომიკური განვითარების პოტენციალს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და რეგიონებს შორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

აღვნიშნავთ, რომ მასშტაბური ინიციატივები სიღრმისეულ ანალიზს და ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მეთოდურ მუშაობას მოითხოვს.Mმეცნიერულ მეთოდებზე დამყარებული საჯარო პოლიტიკა ქმნის ქვეყნის მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობას. აღნიშნულის შესახებ მიუთითებენ ისეთი აღიარებული საერთაშორისო საფინანსო და პოლიტიკური ინსტიტუტები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის სამოქმედო დოკუმენტები, აზიის, განვითარების ბანკი და სხვ[2, გვ.3].

მსოფლიო ბანკის “Doing Business” ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში, საქართველოში ბიზნესგარემოს რადიკალური რეფორმები განხორციელდა. წარმატებული რეფორმების შედეგად, ქვეყანამ 2018 წელს ბიზნესის კეთების სიმარტივით 2006 წლის შემდეგ, 112–ე ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა [3, გვ.27]. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონებს შორის უთანასწორობა შეინიშნება ბიზნესის ფლობისა და დასაქმების კუთხით, რომელიც ეხება ურბანულ და სასოფლო ტიპის დასახლებებში თვითდასაქმებულთა არასაკმარის შემოსავლებს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ რეგიონებში დასაქმებულ ხანდაზმულთა დიდი ნაწილი - 85.1 % მუშაობს სასოფლო სამეურნეო სექტორში, რომელთა უმრავლესობა ნატურალური მეურნეა და ყველა მათგანისათვის სოფლის მეურნეობა საარსებო წყაროს წარმოადგენს [4, გვ.15].

  კახეთის რეგიონის კომპლექსური განვითარების  გამოწვევები

 აღსანიშნავია, რომ საქართველოში კახეთის რეგიონზე, რომლის სრული ფართობი 11,311 მ2-ია, მოდის ქვეყნის მთლიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 38%[5, გვ.14]. მევენახეობის (65-70%) და მარცვლეულის (66.5%), ასევე, მეცხოველეობის მიხედვით, კახეთი დღეისათვის წამყვანი რეგიონია საქართველოში. რეგიონი მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ცენტრია, რომელსაც გააჩნია მეღვინეობის განვითარებისათვის უნიკალური მიკროზონები, რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილია და რეგიონში აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა [5, გვ4].

კახეთის რეგიონი მოიცავს 8 მუნიციპალიტეტს და მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 314,700-ს [6, გვ.10]. მოსახლეობა სოფლის მეურნეობასთან ერთად ძირითადად დასაქმებულია სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საჯარო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიც არის სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია; ასევე, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მოწყობა, ადგილობრივი გზების დაგება-შეკეთება, სანიაღვრე და სარწყავი სისტემების მოწყობა გაწმენდა და ა.შ. სამუშაო ძალაზე მოთხოვნაც ამ მიმართულებით არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისათვის.

სწორედ კახეთი, მისი კულტურულ-ისტორიული და ეკონომიკური მნიშვნელობით  წარმოადგენს პირველ რეგიონს, რომელიც მოექცა მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროგრამის ფოკუსში. ახალი და ინოვაციური პროექტის კონცეფციის ჩარჩო კარგად მიესადაგება კახეთის რეგიონის კომპლექსური განვითარების გამოწვევებს. აღნიშნული კონცეფცია პირველად განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, რომელიც კომპლექსურად აერთიანებდა კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე ინსტიტუციურ მხარდაჭერას რეგიონის პრიორიტეტულ დარგებში. მიმდინარე პერიოდში კახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით შევარჩიეთ რეგიონული განვითარების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობისა მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

რეგიონული განვითარების პროგრამა ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა კახეთის რეგიონში იმავე პერიოდში განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან შედარებით და 4.2-ჯერ აღემატება დანარჩენი კაპიტალური ინვესტიციების ჯამურ მოცულობას რეგიონში[7, გვ 14].

რეგიონული განვითარების პროგრამა კახეთში 2012 წელს დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. პროგრამის ჯამური ინვესტიცია მოიცავდა დაახლოებით 60 მლნ დოლარს (დაახლოებით 128 მლნ ლარი). პროგრამის მიზანი იყო კახეთის რეგიონში ურბანული ინფრასტრუქტურის განახლება, რეაბილიტაცია და ტურიზმის სექტორის განვითარება.

სტრუქტურული თვალსაზრისით, რეგიონული განვითარების პროგრამის ქვეკომპონენტები ასახულია სქემაზე -  კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის სამი ძირითადი ქვეკომპონენტი 2012-2017წწ.. 

კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის სამი ძირითადი ქვეკომპონენტი 2012-2017 წწ.

სქემა 1

დავახასიათოთ თითოეული მათგანი:

  1. ურბანული აღდგენის ღონისძიებები თელავში, ყვარელსა და სოფელ დართლოში მოიცავდა საზოგადოებრივი და კულტურული სივრცეების ინფრასტრუქტურულ და შენობების ფასადების აღდგენას. მათ შორის იყო ტურისტული მარშრუტების განვითარება, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონის 11 ყველაზე მიმზიდველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას;
  2. შემადგენელი საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის, ტურიზმსა და აგროწარმოების განვითარების მიზნით, აღსანიშნავია,  რომ პროგრამის ფარგლებში შეირჩა და დაფინანსდა 11 ბიზნესსუბიექტი კახეთის რეგიონში; მათ შორის არის სასტუმრო "როიალ ბატონი" ყვარელში, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ველისციხეში, შპს „ვინივერია“ თელავში, ლოპოტას ტბის მიმდებარე რეკრეაციული ზონა და სხვები.Pპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემადგენელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიც არის ობიექტამდე მისასვლელი გზები, წყალმომარაგების სერვისი, გარე განათებები და სხვა.
  3. ინსტიტუციური განვითარების კომპონენტი მიზნად ისახავდა პროგრამის განხორციელებასა და კოორდინაციაში ჩართული უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, მათ შორის ადგილობრივი ტურისტული ბიზნესსუბიექტების გადამზადება-დატრენინგებას.

ქვემოთ დიაგრამებზე (დიაგრამა 1, 2) ასახულია კახეთის რეგიონში რეგიონული განვითარების პროგრამიდან მიღებული დაფინანსება - როგორც დარგობრივი ჭრილით, ასევე, მუნიციპალიტეტების მიხედვით.  დიაგრამაზე ჩანს, რომ პროგრამული ბიუჯეტიდან ყველაზე მასშტაბური კაპიტალური ინვესტიცია 58 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა რეგიონის ურბანული ცენტრების აღდგენის ღონისძიებებზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტული დანიშნულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებზე. ადგილობრივი ბიზნესის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერაზე გამოიყო 13 მლნ დოლარი, ხოლო დანარჩენი 3.9 მლნ ლარი განისაზღვრა პროგრამის ინსტიტუციურ კომპონენტში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის მასშტაბით ტურისტული მარშრუტების განვითარებას და დარგის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას.

 კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ინფრასტრუქტურული კომპონენტები (მლნ აშშ დოლარი 2012-2017 წწ.)

დიაგრამა 1

რაც შეეხება პროგრამის ტერიტორიულ პრიორიტეტებს, დიაგრამაზე ჩანს, რომ პროგრამულმა ბიუჯეტმა მოიცვა 6 მუნიციპალიტეტი რეგიონის მასშტაბით, თუმცა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების ურბანულ აღდგენაზე; Aასევე, სოფელ დართლოს ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენის ღონისძიებებზე ახმეტის მუნიციპალიტეტში.

 კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის კაპიტალური ინვესტიციები მუნიციპალიტეტების ჭრილით (მლნ აშშ დოლარი 2012-2017წწ.)

დიაგრამა 2

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროგრამული სტრატეგიით თელავი და ყვარელი განისაზღვრა, როგორც ურბანული განახლების ძირითადი ტურისტული ჰაბები, სადაც განხორციელდა საგზაო და წყალმომრაგების ინფრასტრქუტურის აღდგენითი ღონისძიებები. ასევე, პროგრამის ფარგლებში განხორციელდა კახეთის რეგიონის 11 ტურისტული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. აგრეთვე, ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით შეირჩა 11 ადგილობრივი ტურისტული მნიშვნელობის ბიზნესპროექტი შესაბამისი შემადგენელი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით, რომელიც მოიცავდა ტურისტული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას (ჯამურად 20 კმ-მდე გზა),  წყალმომრაგების სერვისის მიწოდებას, გარე განათებების მონტაჟს და სხვ.

პროგრამის განხორციელების შედეგად:

  • საავტომობილო ტრანსპორტირების ხარჯები შემცირდა 71 %-ით;
  • წყალმომრაგების სერვისი გაუმჯობესდა 907 საოჯახო მეურნეობისათვის;
  • პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობამ 32 319 ადამიანს მიაღწია, რამაც 1 520 -ით გადააჭარბა მიზნობრივ მაჩვენებელს.

            აღსანიშნავია, რომ თელავსა და ყვარელში ერთობლივად, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, განხორციელებულმა ინვესტიციამ მთლიანი პროგრამული კაპიტალის 70% შეადგინა, რამაც გარკვეულწილად განაპირობა ტურისტული ნაკადების ზრდა თელავსა და ყვარელში. შესაბამისად, ვიზიტორების რაოდენობა ამ ორ ტურისტულ ჰაბში 86%-ით გაიზარდა [8]. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები თელავში გაიზარდა 6-ჯერ, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტში 46-ჯერ[9, გვ. 34]. Aასევე, ნიშანდობლივია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა გურჯაანში (41-ჯერ მეტი) ლაგოდეხსა (6-ჯერ მეტი) და ახმეტაში (3-ჯერ მეტი) [9, გვ.34], რასაც ხელი შეუწყო კახეთში ტურისტული დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენითმა ღონისძიებებმა.

 საქართველოში 15 წლისა და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ზრდის ტემპი რეგიონების ჭრილით 2015-2017 წწ.

დიაგრამა 3

დიაგრამიდან ჩანს, რომ რეგიონული პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში უცხოელი ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 42 %-ს მიაღწია 2017 წელს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის კონცეფცია უნიკალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონში დაფინანსებული ბიზნესსუბიექტებთან თანამშრომლობის ფორმატი ატარებდა საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ელემენტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანამშრომლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან შემადგენელი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მხარდაჭერით. ჯამურად, Pპროგრამის ფარგლებში ჩატარდა 20 კმ-მდე მისასვლელი საგზაო Mინფრასტრქუტურის სამუშაოები, წყალმომარაგების სერვისებით მომარაგება, გარეგანათებების მოწყობა და სხვა.

პროგრამის ეკონომიკური და ფინანსური ანალიზი

კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ეფექტიანობის შესაფასებლად გაკეთდა პროგრამის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი.Pპროექტიდან მოსალოდნელი ეკონომიკური და ფისკალური ეფექტი გაიწერა 20 წლიან პერიოდზე. ფინანსური ანალიზის ნაწილი მოიცავს ფინანსურ სარგებელს, რომელიც განაპირობა რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდამ. რაც შეეხება პროგრამის ეკონომიკურ ანალიზს, ის მოიცავს ეკონომიკურ სარგებელს ტურისტების მიერ რეგიონში განხორციელებული თვიური  ხარჯებიდან, დროებითი დასაქმებიდან და მეორადი შესყიდვებიდან.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ეკონომიკური და ფინანსური უკუგების ინდიკატორები, როგორც საწყის ასევე პროგრამის დასრულების შემდეგ ეტაპებზე.

კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის ინდიკატორები [9,გვ.23]                 

ცხრილი 1

შესრულების ინდიკატორები

წინასწარი

დასრულების შემდეგ

NPV

19.8 მლნ აშშ დოლარი

11.7 მლნ აშშ დოლარი

FIRR

19.9%

16 %

ERR

26.1%

21.4%

 ცხრილიდან ჩანს, რომ:

  1. რეგიონული განვითარების პროგრამის შედეგად მიღებული წმინდა მიმდინარე ღირებულებები, როგორც წინასწარი, ასევე დასრულების ეტაპზე, პოზიტიურია;
  2. ფინანსური უკუგების ნორმები ორივე ეტაპზე აღემატება 12%-ს,  რაც იმის მაჩვენებელია, რომ პროგრამა მომგებიანია კერძო სექტორისათვის და ასევე ფისკალური შემოსავლების კუთხით.

ამასთან, კრიტიკულ ცვლადებთან მიმართებით მგრძნობელობის ანალიზიდან ჩანს, რომ კრიტიკული ცვლადების შემცირება შესაბამისი პროცენტული სიდიდით, იწვევს ეფექტიანობის მაჩვენებლების შემცირებას, თუმცა, ყველა მათგანი რჩება მიზანშეწონილობის ინტერვალში.

            პროგრამის ეფექტიანობის ანალიზიდან ჩანს, რომ კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთეულოვანი ხარჯები გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებზე 30%-ით, ხოლო ურბანული შენობების რეაბილიტაციის პროექტების ერთეულოვანი ხარჯები 40%-ით აღემატება ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს ქვეყნის მასშტაბით (იხ. ცხრილი 2). უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეულია პროგრამის კომპლექსურობით, რომლის ფარგლებშიც არაერთგოვაროვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთეულოვანი ხარჯების ანალიზი საჭიროებს გონივრულ ინტერპრეტაციას, რადგან პროგრამის მრავალფეროვნების გამო, რეაბილიტირებული აქტივების შედარება ერთგვარად შეზღუდულია. მაგალითად, გზების რეაბილიტაციის პროექტების ხარჯები სხვადასხვა მასშტაბს იძენს ურბანულ ცენტრებსა და მაღალმთიან პერიფერიებში. იგივე შეიძლება ითქვას წყალმომარაგების მილებზე ურბანულ ცენტრებსა და მაღალმთიან დისტანციებზე.Dდა ბოლოს, მუნიციპალური შენობების რეაბილიტაციის ერთეულოვანი ხარჯებიც არაერთგვაროვანია, მით უფრო ეს ეხება ვიზიტორების ცენტრების მშენებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორთა ცენტრები არატიპიური შენობებია, და ბევრი მათგანი განთავსებულია რეგიონის პერიფერიებში, რამაც განაპირობა წყალმომარაგებისა და სხვა დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ხარჯების ზრდა.

ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილია მსოფლიო ბანკის ერთერთი მუნიციპალური განვითარების საინვესტიციო პროგრამისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული კაპიტალური პროგრამების ერთეულოვანი ხარჯები, რებილიტირებული აქტივების ტიპების მიხედვით.

ცხრილიდან ჩანს, რომ ისევე როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის რებილიტაციის, ასევე, მუნიციპალური შენობების მშენებლობის ერთეულოვანი ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგიური პროგრამებიდან წარმოდგენილ ერთეულოვან ხარჯებს. განსხვავებულია წყალმომარაგების პროექტებიდან ერთეულოვანი ხარჯები, რომლის შემთხვევაშიც პროგრამული ხარჯი ზომიერად საშუალოა სხვა პროგრამებთან მიმართებაში.

კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ერთეულოვანი ხარჯები, აშშ დოლარი                                                         

ცხრილი 2

აქტივის ტიპი

ერთეული

საშუალო ხარჯი ერთ ერთეულზე

 

 

RDP [9]

RMIDP [7]

EIB[7]

გზები

Kკმ.

265,501

231,158

174,944

მუნიციპალური საჯარო შენობები

Mმ2

1,748

1,406

1,015

წყალმომარაგების ქსელი

Kკმ.

113,160

84,942

116,383

გარე განათებები

ერთეული

1,542

-

2,032

ზოგადად, რეგიონული განვითარების პროგრამის ეფექტიანობის ანალიზისას გასათვალისწინებელია ის გარე დადებითი ფაქტორებიც, რომელმაც ასევე, ხელი შეუწყო კახეთის რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას და შედეგობრივად - რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ გამოცოცხლებას. ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომლის მთავარი ორიენტირია ქვეყანაში სტაბილური გეოპოლიტიკური გარემოს შექმნა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, საერთაშორისო ავიარეისებისა და საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის შესაძლებლობის ზრდა, რომლითაც გაუმჯობესდა საჰაერო მიმოსვლა და მგზავრთა ნაკადები ყველა მიმართულებით.

                                   დასკვნა  და რეკომენდაციები

კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის საწყისი ეტაპი განხორციელდა ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებების პარალელურად, რამაც გამოიწვია გარკვეული შეფერხებები ქვეპროექტების მიმდინარეობის საწყის ეტაპზე. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ეფექტიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა, რომელიც ეყრდნობა პროგრამის ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის შედეგებს. ამასთან, რეგიონული განვითარების პროგრამით გაწერილი მიზნობრივი ინდიკატორები საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით გადაჭარბებით შესრულდა, რომელიც ეხება დასაქმების მაჩვენებელს, პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობას და ვიზიტორთა ნაკადების ზრდას რეგიონის მასშტაბით.

თუმცა, ანალიზით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ერთეულოვანი ხარჯები არაერთგვაროვანია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგიურ პროექტებზე საშუალო მაჩვენებელს.Eეს განპირობებულია პროგრამის კომპლექსურობით, კერძოდ, ზოგიერთი ქვეპროექტი განხორციელდა პერიფერიებსა და მაღალმთიან ადგილებში, რამაც ცალკეული ქვეპროეტების შემთხვევაში გამოიწვია კაპიტალური ხარჯების ზრდა.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული აქტივები, რომელიც მაღალმთიან პეროფერიებში მდებარეობს და გამიზნული იყო კახეთის რეგიონის ტურისტული მარშრუტების განვითარებისათვის, ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. ასე, მაგალითად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ტურიზმის მომსახურების 11 შენობის მშენებლობა, რომელთაგან 3 განთავსებულია წმინდა ნინოს ბოდბის მონასტრის მიმდებარედ.Pპროექტების დასრულების მომენტისათვის 11-დან მხოლოდ 2 ობიექტი ფუნქციონირებს. ასევე, გაურკვეველია შუამთისა და იყალთოს ვიზიტორთა ცენტრების სამომავლო მოვლა-შენახვის და მართვის საკითხი. შესაბამისად, მიზანშეწონილია ვიზიტორების ცენტრების მშენებლობის დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის იდენტიფიცირების ეტაპზე ჩატარებული მოთხოვნის ანალიზი ტურისტების მაღალ აქტივობაზე მიუთითებს. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სარეაბილიტაციო პროექტების სწორ შერჩევას და მუნიციპალური აქტივების მდგრადი მართვის პროცესს.

კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ერთგვარად საფუძველი ჩაეყარა საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის კონცეფციას ტურიზმის სფეროში, რასაც დადებითი გავლენა ჰქონდა ცალკეული ადგილობრივი ტურისტული დანიშნულების ბიზნესსუბიექტების პოპულარიზაციაზე. თუმცა, ეს თანამშრომლობა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა და სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ შემადგენელი ინფრასტრუქტურის დაფინანსება-მშენებლობის საკითხებით შემოიფარგლა. გამოცდილება აჩვენებს, რომ აუცილებელია შეიქმნას ნორმატიული ჩარჩო, სადაც სტრატეგიულად განისაზღვრება კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და სახელმძღვანელო პრინციპები, რაც  გააღრმავებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას პროექტების დასრულების შემდგომ ეტაპზეც.  ისეთი მუნიციპალური აქტივების მართვის საკითხებზე, როგორიცაა: მუნიციპალიტეტებში ვიზიტორების მომსახურების ცენტრები, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები, მუნიციპალური ნარჩენების მართვის პროგრამები და სხვა. ეს ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სუბიექტებს შორის თანამშრომლობის სფეროს გაფართოებას, რისკების დაბალანსებულ გადანაწილებას, და მუნიციპალური აქტივების მდგრადი მართვის საკითხებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამა მიზნად ისახავდა პროექტების ინიცირებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო წინადადებებს გარანტირებულად ჰქონდათ მუნიციპალიტეტების მოწონება, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობები არასაკმარისად იყვნენ ჩართულნი პროექტების ინიცირებისა და მიმდინარეობის პროცესში. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ პროექტების ადეკვატური მართვის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია, პროგრამული ბიუჯეტის დაიგეგმოს განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური მონაწილეობით, რაც გააუმჯობესებს შემდგომ ეტაპზე აქტივების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემისა და მდგრადი მართვის პროცესს.

დაბოლოს, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროგრამების ეფექტიანობის შეფასების კუთხით საერთაშორისო განვითარების პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კვლევები, რეკომენდაციები და დასკვნები ყოველთვის არ ასახავს არსებულ რეალობას და არ იძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას. ამაში, გარკვეულწილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს დონორების მიერ მომზადებული ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების ანგარიშების ფორმალური განხილვის პრაქტიკა საქართველოს საჯარო სექტორში. ასეთი განხილვები შემოიფარგლება ფორმალური მოწონებით და მოკლებულია ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასების შესაძლებლობას. ამიტომ, მიზანშეწონილია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩამოყალიბდეს რეგიონული განვითარების სხვა პროგრამების (მაგალითად, რეგიონული განვითარების პროგრამები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და სხვ.) დამოუკიდებელი შეფასების ჯგუფი, რომელიც ეკონომიკურ ანალიზებზე დაყრდნობით შეისწავლის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობას და წარადგენს ანგარიშებს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში ანგარიშვალდებულების ამაღლებას და დარგში პოლიტიკის ანალიზის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

ლიტერატურა:

  1. სამთავრობო პროგრამა 2018-2020 წ. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა –European Union; საქართველოს მთავრობა.
  2. ტეფნაძე მ. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ლიმიტების განაწილების ეფექტიანი მიმართულებების შესახებ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადოქტორო სემინარი, მაისი, თბ., 2017.
  3. The World Bank, Measuring Business Regulations, Economy Rankings, Georgia- Ease of Doing Business Rank, 2018.
  4. ბრუნი ბ.,Mჭითანავა მ. მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა –საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდი (UNFPA) 2017.
  5. კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია, 2014-2021, თბ., 2014.
  6. ჰაკერტი რ. მოსახლეობის დინამიკა საქართველოში, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა, 2017.
  7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის პოლიტიკის სამმართველო, ინფრასტრუქტურული პროგრამების კვარტალური პროგრესის ანგარიში: “The Second Regional and Municipal Infrastrucutre Development Program” – Quarterly Reports, 2017.
  8. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ტურიზმის სტატისტიკა, 15 წლისა და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორების საშუალო თვიური განაწილეობა მონახულებული რეგიონების მიხედვით, 2012-2017წწ. www.geostat.ge
  9. Regional Development Program – World Bank, Implementation Completion and Results Report.(http://documents.worldbank.org/curated/en/199241530820374233/pdf/ICR00002572-06272018.pdf)
  10. The World Bank Group “The PPP Guide and Undertaking APMG PPP Certification Program, 2016.
  11.  Land D. Kemkhadze S.  Nanobashvili G. Piranishvili V. - Kakheti Regional Development Study: Agriculture- Policies and Investment for Diversification and Improved Competitiveness. –UNDP.